პროექტმა, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი იტალიაში მოხვდება, 1.5 მილიარდი ევრო მიიღო
პროექტმა, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი იტალიაში მოხვდება, 1.5 მილიარდი ევრო მიიღო

ტრანსადრიატიკულმა მილსადენმა (TAP) 1.5 მილიარდი ევროს დაფინანსება მიიღო. გადაწყვეტილება ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დირექტორთა საბჭომ მიიღო.

მილსადენის მშენებლობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ის საბერძნეთს, ალბანეთს, ადრიატიკის ზღვას კვეთს და იტალიის სამხრეთით, ქვეყნის გაზგამანაწილებელ ქსელს შეუერთდება.

TAP სამხრეთ გაზის დერეფნის შემადგენელი ნაწილია. მისი მეშვეობით ევროკავშირის ქვეყნები ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან, “შაჰ-დენიზის” საბადოდან მიიღებენ.

ამისთვის აზერბაიჯანსა და საქართველოში სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოება დაფინანსდა, თურქეთის ტერიტორიაზე კი ტრანსანატოლიური მილსადენი (TANAP) შენდება.

სამხრეთ გაზის დერეფანს ევროკავშირის მხარდაჭერა აქვს, როგორც ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის შემადგენელი ნაწილის.

ტრანსადრიატიკული მილსადენით აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროკავშირში 2020 წლიდან იგეგმება.