პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომელზეც ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყება
დედაქალაქის მერიის პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“, რომელიც პანდემიის გამო შეჩერებული იყო, აღდგომის დღესასწაულის შემდეგ განახლდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისში შეირჩევა კონკრეტული ადგილები, სადაც ყოველ შაბათ-კვირას ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტები გაიმართება.
„ეს ღონისძიებები შეიძლება, იყოს თბილისის სხვადასხვა რაიონსა და სივრცეში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს და მასშტაბური იყოს. გარდა ამისა, დავეხმარებით ამ სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც პანდემიამ სერიოზულად დააზარალა. ხალხიც, რა თქმა უნდა, მონატრებულია ასეთ ღონისძიებებს, რადგან ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი შეზღუდვა არსებობდა. შესაბამისად, დღეს უკვე ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ პროექტის განხორციელება მერის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას დაავალა, რომლის განცხადებით, უახლოეს მომავალში ცნობილი გახდება კონცერტების ჩატარების თარიღები და ადგილმდებარეობა.
პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ დედაქალაქის მერიამ 2018 წელს დაიწყო და ის ღია სივრცეებსა და პარკებში მასობრივი კულტურული ღონისძიებების გამართვას ითვალისწინებს.