პროექტ „თბილისი ჩვენი სახლიას“ ფარგლებში, დედაქალაქის მერია აღმაშენებლის N36-ში მდებარე შენობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
პროექტ „თბილისი ჩვენი სახლიას“ ფარგლებში, დედაქალაქის მერია აღმაშენებლის N36-ში მდებარე შენობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
„ეს ჩუღურეთია, თბილისის უძველესი და ისტორიული შენობების სიმრავლით გამორჩეული რაიონი. ერთ-ერთი ასეთი შენობა, რომელიც საუკუნეზე მეტია აღმაშენებლის N36-ში დგას, მეცენატ ერასტი ჭავჭანიძის სახლია.
სახლის მშენებლობა ერასტი ჭავჭანიძემ 1903 წელს წამოიწყო, თუმცა წლების წინ, როცა ექვსიოდე წლის ბიჭი ხონიდან თბილისში, ფურნეში სამუშაოდ ჩამოიყვანეს, ვინ წარმოიდგენდა, რომ ის სახელოვანი, განათლებული კაცი გახდებოდა და თავის საოცნებო სახლსაც ააშენებდა.
ბიჭი ნიჭიერი და იღბლიანიც აღმოჩნდა. როგორც ამბობენ, იმ ფურნის გვერდით, სადაც ის მუშაობდა, გერმანელ ვაჭარს საგალანტერიო მაღაზია ჰქონდა გახსნილი.
ერასტიმ გერმანული ენა მალევე აითვისა და მაღაზიის მეპატრონემ ბიჭი ლაიფციგში გაუშვა სასწავლებლად. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ერასტი ჭავჭანიძემ სავაჭრო სახლი გახსნა და საცხოვრებელი სახლიც ააშენა. ლექტორის და მეცენატის ოჯახი ბევრ სტუმარს მასპინძლობდა, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ ამავე სახლში სტუდენტებს და მოსწავლეებს აცხოვრებდა, ზოგს საზღვარგარეთ სასწავლებლად გზავნიდა, რომ კარგი განათლება მიეღოთ.
როდესაც ეს სახლი აშენდა, ერასტი ჭავჭანიძემ სახლის ფასადის ერთ-ერთ დეტალად არწივი, როგორც თავისუფლების სიმბოლოს ქანდაკება დაამზადებინა. დიდხანს ამშვენებდა არწივი ფასადს, თუმცა საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, როდესაც მეცენატს ქონება ჩამოართვეს, არწივსაც, როგორც ყველა მსგავსს სიმბოლოს, საფრთხე დაემუქრა.
მალევე ქანდაკება დაიკარგა და ჩათვალეს, რომ განადგურდა.
რამდენიმე წლის წინ, როდესაც სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, სხვენში ფასადის უძველესი დეტალი იპოვეს. არწივი სანაგვეზე აღმოჩნდებოდა, რომ არა ჩუღურეთის გამგეობის თანამშრომელი ლევან ძნელაძე, რომელიც ამავე უბანში ცხოვრობს და ბავშვობაში ჰქონდა მოსმენილი სახლის ისტორია.
სწორედ ლევანმა აღმოაჩინა, რომ დეტალი შენობას ეკუთვნოდა.
ისტორია გადაამოწმეს და არწივი განახლების შემდეგ კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა.
ამ სახლში დღემდე ცხოვრობს ერასტი ჭავჭანიძის შვილიშვილი თამარ ჭავჭანიძე. ორი წლის წინ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მისი აივანი კაპიტალურად გამაგრდა, მთლიანად შენობა კი უკვე რამდენიმე წელია რეაბილიტირებულია.
თუმცა, ეს ამბავი არც შენობაზეა და არც მის დეტალებზე- ეს ისტორია პირველ რიგში პასუხისმგებლობის მქონე და საკუთარი ქალაქის მოყვარული ადამიანების შესახებაა.
#თბილისიჩვენისახლია“, – აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.