გაერთიანებული სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, პრინც ჩარლზს ოფიციალური ვიზიტით ირანში ჩასვლა სურს. ამის შესახებ მან გამოცემა „სანდეი თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვიცი, რომ ირანი მრავალი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს განსაკუთრებული ნაწილი იყო და მას დიდი წვლილი მიუძღვის ადამიანის ცოდნაში, კულტურაში, პოეზიასა და ხელოვნებაში“, – აღნიშნა პრინცმა ჩარლზმა.
აღსანიშნავია, რომ ირანში ვიზიტის სურვილი სამეფო ოჯახის წევრმა დასავლეთსა და თეირანს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე გამოთქვა.
როგორც პრინცმა ინტერვიუში აღნიშნა, ის ცდილობს, იყოს მშვიდობისმყოფელი. მისი თქმით, ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისთვის.
შეგახსენებთ, პრინცი ჩარლზი რამდენიმე დღის წინ იერუსალიმში იმყოფებოდა, სადაც ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.