პრინც ჰარის საცოლის შეურაცხყოფისთვის ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის წევრს სტატუსი შეუჩერეს
გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიამ ლიდერის, ჰენრი ბოლტონის მეგობარ ქალს წევრობა შეუჩერა. ამის მიზეზი ბოლტონის მეგობარი ქალის მიერ პრინც ჰარის საცოლის, მეგან მარკლის მისამართით გაკეთებული რასისტული განცხადებაა.
რამდენიმე გამოცემამ ჯო მარნის მიერ გაგზავნილი რამდენიმე შეტყობინება გაასაჯაროვა, სადაც 25 წლის მოდელი წერს, რომ მეგან მარკლი სამეფო ოჯახის შესაფერისი არ არის, ის უჭკუოა, ფერადკანიანი ადამიანები კი მახინჯები არიან.
ჯო მარნიმ ბოდიში მოიხადა, თუმცა ამბობს, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. თავად პარტიის ლიდერი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს, პარტიაში კი ამბობენ, რომ მას წინ რთული პერიოდი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მისაღები.