პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო ნომერმა გაერთიანებულ ოპოზიციაში დაპირისპირება გამოიწვია
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გრიგოლ ვაშაძის საპრეზიდენო კანდიდატად წარდგენასთან ერთად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საარჩევნო ნომრად ხუთიანი მოითხოვა, რაც გაერთიანებულ ოპოზიციაში უთანხმოებისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა.
არ არის გამორიცხული, 11 პარტიიდან რამდენიმემ „გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშიას“ დატოვების გადაწყვეტილებაც მიიღოს.
პარტია „საქართველო ლიდერთა შორის“ წარმომადგენელი მამუკა გამყრელიძე პირველ არხთან აცხადებს, რომ გაერთიანების წარმომადგენელთა ნაწილს, „სახელმწიფო ხალხისთვის“ კუთვნილი ნომერი 1 სურდათ.
გამყრელიძის თქმით, უპირატესი რიგითი ნომრის გამოსავლენად კომპანიაც დაიქირავეს, რომელმაც ფოკუს ჯგუფები გამოკითხა და ნომერი 1-ის უპირატესობა გამოკვეთა.
„მე და რამდენიმე ადამიანს გვერჩივნა ყოფილიყო ნომერი 1 ან ყოფილიყო 405, 693 ან ნებისმიერი 5-ის გარდა. ეს რაღაცნაირად ავიწროებს მუშაობის არეალს. ჩვენ გვინდა, ამომრჩევლის ფართო სპექტრზე გავიდეთ და არა მხოლოდ იმ ამომრჩეველზე, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ყავს. ნომერი 1 არის ნიკა მაჭუტაძის. უპირველეს ყოვლისა, ის ეწინააღმდეგებოდა 5 ნომერს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ხარატიშვილიც ნომერ 1-ის მომხრე იყო, ნიკა ვაშაკიძეც. პაატა დავითაიაც ზუსტად იგივე აზრზეა, უბრალოდ მისი აზრის დაფიქსირების ხასიათი ორჭოფულია და კითხვებს ტოვებს. ზუსტად ამავე აზრზე იყო გიორგი ვაშაძე, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში, უბრალოდ გიორგი ვაშაძე ასეთი რადიკალური და კატეგორიული არ არის თავის განცხადებებში. მან გააკეთა ფოკუს ჯგუფები, რომელმაც გამოავლინა, რომ პირველი ნომერი ჯობდა, დავიქირავეთ კომპანია, რომელმაც ჩაატარა გამოკითხვები. ფოკუს ჯგუფებმა აჩვენა, რომ ნომერი 1 ჯობდა, მაგრამ მაინც 5-იანზე დარჩნენ”, – აცხადებს მამუკა გამყრელიძე.
მისი თქმით, საარჩევნო ნომრად 5-იანის არჩევაზე გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო და ამაზე შეთანხმება არ ყოფილა.
კითხვას შესაძლოა, თუ არა ამის გამო რამდენიმე პარტიამ ოპოზიციური გაერთიანება დატოვოს, გამყრელიძე პასუხობს, რომ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს.
„შეთანხმება არ ყოფილა. ეს გადაწყდა ერთპიროვნულად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. მე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ მარტო გადაწყვეტილებას ვერ მივიღებ. ყველანი შევთანხმდებით, ჩამოვყალიბდებით და მერე ვილაპარაკოთ”, – აცხადებს მამუკა გამყრელიძე.