პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მოსახლეობას შეხვდა
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მოსახლეობას შეხვდა და საკუთარი პროგრამა გააცნო.
როგორც პარტიის მიერ გავრცელბულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ადგილობრივები მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ფონს უჩივიან და პრეზიდენტობის კანდიდატთან საუბარში ამბობენ, რომ მათი ერთადერთი შემოსავალი უცხოეთში სამუშაოდ წასული ოჯახის წევრების მიერ გამოგზავნილი თანხაა.
დავით ბაქრაძემ სოფელ გაჭედილის მოსახლეობას საკუთარი პროგრამის ის პრიორიტეტი გააცნო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში ლეგალურად დასაქმებას, სამედიცინო დაზღვევას და სხვა პრიორიტეტებს გულისხმობს.
„ჩვენი ვალდებულებაა, დავეხმაროთ ამ ადამიანებს და ოჯახებს, ვინც დღეს იძულებულია, უცხოეთში ფიზიკური მძიმე შრომით შეინახოს თავი. ასეთი ერთ-ერთი დახმარება გახლავთ, მათთვის კანონიერი სამუშაოს შეთავაზება, რაც ნიშნავს მეტ ხელფასს, სამედიცინო დაზღვევას, დეპორტისგან დაცვას და ლეგალურ საბუთს. ეს არის ის, რისი გაკეთებაც შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს და ეს არის ჩემი ერთ-ერთი დაპირება მილიონზე მეტი ქართველის მიმართ, რომ სანამ ისინი დაბრუნდებიან საქართველოში და მჯერა, აუცილებლად დაბრუნდებიან, დავეხმარო იქ, სადაც დღეს უწევთ შრომა საკუთარი ოჯახის შესანახად“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.