პრეზიდენტმა პროკურატურის თანამშრომლები მამუკა ფარულავა და დიმიტრი ფაღავა ღირსების ორდენებით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის ისტორიული შედეგის მიღწევაში, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას გულისხმობს, განსაკუთრებული პირადი წვლილის, თავდაუზოგავი შრომისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის ღირსების ორდენით საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი მამუკა ფარულავა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი ფაღავა (საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის ყოფილი მოადგილე) დააჯილდოვა.
ორბელიანების სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგვაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გიორგი ლილუაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, საქართველოსთვის ისტორიული შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული პირადი წვლილის, თავდაუზოგავი შრომისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს გენერალური შტაბის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლები.
2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას სხვა უწყებებთან ერთად ახორციელებდა საქართველოს გენერალური პროკურატურა. სტრასბურგის სასამართლოში გამოძიებით მოპოვებული ასეულობით სხვადასხვა მტკიცებულება გაიგზავნა, რის საფუძველზეც ქართული მხარე, სასამართლოს წინაშე, ძლიერი სამართლებრივი არგუმენტებით წარდგა. მტკიცებულებების შეგროვებისა და სახელმწიფო პოზიციების შემუშავების პროცესში კი, საქართველოს გენერალურ პროკურატურას სხვა უწყებებთან ერთად მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.