ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა, პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას.
სალომე ზურაბიშვილმა სოციალური ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე 19 სექტემბერს დაწერა, რომ იუსტიციის სამინისტროდან ელოდებოდა ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტაზე დასკვნას, რომელსაც დაუყოვნებლივ დააკმაყოფილებდა. ამასთან, 20 სექტემბერს ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სადაც აღნიშნული იყო, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია და საქართველოს პრეზიდენტს შესაბამისი დასკვნა გადაეგზავნა. 22 სექტემბერს კი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს ოთარ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნდა.
ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქოების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც აშშ-მა მისი დასანქცირების შესახებ განაცხადა.