პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი, დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი ნოდარ ახალკაცი, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სიკვდილის შემდეგ, ღირსების ორდენით დააჯილდოვა და სახელმწიფო ჯილდო მის ქალიშვილს მედეა ახალკაცს გადასცა.
ნოდარ ახალკაცი, ღირსების ორდენით ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა ნოდარ ახალკაცს ქართული ფეხბურთის გამარჯვებების შემოქმედი უწოდა და სიტყვით გამოსვლისას იმ ღვაწლს გაუსვა ხაზი, რომლისთვისაც ნოდარ ახალკაცი ქართველმა ხალხმა შეიყვარა.
„გვინდოდა გამოგვეყო და ხაზი გაგვესვა ბატონი ნოდარის ღვაწლისთვის – იმ სიხარულისთვის, იმ გამარჯვებისთვის, იმ აღტაცებისთვის, რომლითაც წლების განმავლობაში ხარობდა ქართული საზოგადოება.
გამოგვეყენებინა ეს დღე, რომ კიდევ ერთხელ გვეთქვა მადლობა ჩვენი გამოჩენილი სპორტსმენებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ქართულ დროშას ძალიან მაღლა სწევდნენ, სწევენ და ასწევენ მომავალში.
ეს იყო საბჭოთა პერიოდი და მე მახსოვს ის ემოცია, რომელიც არამხოლოდ სპორტულ აღტაცებაში ითარგმნებოდა, არამედ ითარგმნებოდა პატრიოტიზმის განცდაში, როდესაც ჩვენი ფეხბურთელები ამ მაღალ წარმატებას აღწევდნენ“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ნოდარ ახალკაცის, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს და ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც თავის საქმიანობას წინამორბედთა მაგალითზე და მათ აღიარებაზე აფუძნებს.
“ეს მეხსიერება და პატივისცემა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობის აღსაზრდელად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავწყვიტეთ, ბატონი ნოდარის ღვაწლის აღსანიშნავად, გარდაცვალების შემდეგ დავაჯილდოოთ სახელმწიფოსა და ხალხისაგან მადლიერებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტს და ცერემონიაზე შეკრებილებს მადლობა გადაუხადა მედეა ახალკაცმა მამამისის წვლილის და საქმიანობის დაფასებისათვის და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ჯილდო დიდი პატივია მისი ოჯახისათვის.
ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას მწვრთნელის ოჯახის წევრები, მეგობრები, ვეტერანი ფეხბურთელები და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფეხბურთის ფედერაციამ და ვეტერანმა ფეხბურთელებმა გიორგი მარგველაშვილს ვაჟიშვილის შეძენა მიულოცეს, პატარა თომას ნაკრების მაისური, პრეზიდენტს კი, ვეტერანი ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი ბურთი უსახსოვრეს.