პრეზიდენტმა ინკლუზიური თეატრის, ,,კონტაქტის“ მთავარი რეჟისორი ირინა კოხრეიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა
დღეს ორბელიანების სასახლეში, ადამიანის უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, ინკლუზიური თეატრის სპექტაკლის ჩვენება მოეწყო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო და თეატრის მთავარ რეჟისორს, ირინა კოხრეიძეს სახელმწიფო ჯილდო პირადად გადასცა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზურაბიშვილმა ირინა კოხრეიძე საქართველოში თანამედროვე ინკლუზიური თეატრალური ხელოვნების განვითარებაში, საზღვარგარეთ მის აღიარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, შშმ პირთა თვითრეალიზაციის მნიშვნელოვანი ხელშეწყობისა და წარმატებული შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის დააჯილდოვა.
ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“ 2015 წელს ირინა კოხრეიძისა და გიორგი მიქაბერიძის ერთობლივი გადაწყვეტილებით შეიქმნა და მაყურებლის წინაშე უკვე მეშვიდე საავტორო სპექტაკლი წარადგინა.
თეატრის დამფუძნებლის, გიორგი მიქაბერიძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ გადმოცემული სახელმწიფო ჯილდო დასის თითოეული წევრისთვის დიდი სტიმულის, დიდი დაფასებისა და დადებითი ენერგიის მომცემია.
„ამისათვის მადლობას ვუხდით ყველას, განსაკუთრებით, საქართველოს პრეზიდენტს, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, ეს სპექტაკლი ორბელიანების სასახლეშიც გვეთამაშა“, – განაცხადა გიორგი მიქაბერიძემ.