პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილი დაინიშნა 
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილი დაინიშნა 

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილმა ამ თანამდებობაზე ანა დოლიძე შეცვალა, რომელიც პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნა.

ანა ნაცვლიშვილი “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი იყო.  იგი საია-ს თავმჯდომარედ 2014 წელს აირჩიეს.

ანა ნაცვლიშვილი 2011-2012 წლებში სწავლობდა ესექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში (LLM with Distinction); 2006-2007 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (უნგრეთი), მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართალში; 2002-2006 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 2003-2004 წლებში გაიარა საია-ს იურიდიული განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის ერთწლიანი სასწავლო კურსი; 2013 წლიდან მუშაობდა საია-ს საპარლამენტო მდივნად, ასევე კითხულობს ლექციებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) და საიას სამართლებრივი განათლების ხელშეწყობის ფონდში;

ანა ნაცვლიშვილი 2012-2013 წლებში მუშაობდა ვენასა და პოლონეთში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) და ამავე ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა  ოფისში (დიაუო) სპეციალისტად; 2011-2012 წლებში მუშაობდა დიდ ბრიტანეთში გარდამავალი პერიოდის სამართლის ქსელში(ETJN) ასოცირებულ მკვლევარად;  2011 წელს მუშაობდა საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმის” (PRI) კავკასიის ოფისში რეგიონალური პროექტის კორდინატორად; 2008 – 2010 წლებში მუშაობდა საქართველოში, ადამიანის უფლებათა ცენტრში (HRIDC) რეგიონული პროექტის კოორდინატორად; 2007-2008 წლებში, ადამიანის უფლებათა მესამე ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში, სტაჟირება გაიარა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ARTICLE 19”- ში, დიდ ბრიტანეთში და კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტში; სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში;