პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე „ქართული მარშის“ აქციაზე დაპირისპირება მოხდა
პრეზიდენტის რეზიდენციასთან „ქართული მარშის“ წევრები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები არის მოღალატოებრივი და მან პასუხი უნდა გასცეს საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, რომელიც დავით გარეჯის გარშემო დაგროვდა.
ამასთან, აქციის მონაწილეების თქმით, დავით გარეჯში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ეკლესია-მონასტრებთან მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც სალომე ზურაბიშვილი იმყოფებოდა გარეჯში და განცხადებები გააკეთა.
„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მათ სურთ პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა, რა დროსაც ისინი დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებით გარკვეულ საკითხებს დასვამენ.
ბრეგაძის თქმით, პრეზიდენტს აძლევენ რამდენიმე წუთს, რათა მარში მოიღოს. სანდრო ბრეგაძის განმარტებით, „წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტმა საკუთარ თავს უნდა დააბრალოს. „მოვუწყობთ ჯოჯოხეთს, თუ ადმინისტრაციიდან არავინ გამოვა შესახვედრად, მაშინ მას დავაბოქლომებთ“, – დასძინა სანდრო ბრეგაძემ.
აქციაზე დაპირისპირებაც მოხდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი გაბედავა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის შესასვლელ ჭიშკარზე ჯაჭვისა და ბოქლომის გაკეთებას სცდილობდა, რისი საშუალებაც სამართალდამცავებმა არ მისცეს. გაბედავა და კიდევ ერთი პირი სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.
შსს-ს ინფორმაციით, აქციაზე ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.