პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმი მიმდინარე წელსაც რეგიონში გაიმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასაშობაო კონცერტი გორის ცენტრში 6 იანვარს, 17:00 საათზე ჩატარდება და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოსახლეობას დამდეგ შობას გორიდან მიულოცავს.
პრეზიდენტის ნაძვის ხის ზეიმზე დასწრების ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, მოუსმინოს ქართული ესტრადის ვარსკვლავებსა და გორის თეატრის მსახიობებს, რომლებიც სადღესასწაულო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ.
„იმის გათვალისწინებით, რომ გორელები ყოველთვის განსაკუთრებულად ეკიდებოდნენ ქართულ ფოლკლორსა და ქართულ საგუნდო სიმღერას, მაყურებლის წინაშე 6 იანვარს წარდგებიან ასევე გორის ფოლკლორული ანსამბლი, გორის ქალთა კაპელა და გორის გოგონათა გუნდი“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზეიმზე მისულ ბავშვებს საშობაო საჩუქრებიც გადაეცემათ.