პრეზიდენტის მრჩეველი - პრეზიდენტის ადმინისტრაცია დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკის ფორმირების პროცესში აქტიურადაა ჩართული
პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანაორგანიზებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საკრებულოში შშმ პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართა, რომელშიც შშმ პირთა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სიმონ პეტრიდისი მონაწილეობდა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ორგანიზებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით განხორციელდა. ფორუმის მიზანი თბილისში მცხოვრები დასაქმების მსურველი შშმ პირებისა და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე დამსაქმებლების ერთიან სივრცეში მობილიზება და დასაქმების ხელშეწყობაა.
ფორუმმა სამუშაოს მაძიებლებს საშუალება მისცა, ერთ სივრცეში გაცნობოდნენ სხვადასხვა შეთავაზებას რამდენიმე დამსაქმებელისგან. ფორუმზე სხვადასხვა კომპანიების 100-ზე მეტი ვაკანსია იყო წარმოდგენილი. მის ფარგლებში გაიმართა სოციალური საწარმოების გამოფენა-გაყიდვაც.
სიმონ პეტრიდისის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, დასაქმების სააგენტოსთან ერთად, წლებია სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შშმ პირთა დასაქმების ფორუმის თანაორგანიზატორია, რადგან შშმ პირთა დამოუკიდებლობას სწორედ დასაქმება უწყობს ხელს.
,,შშმ პირთა კონვენციით, დასაქმება პრიორიტეტული მიმართულებაა და კვლევებითაც დასტურდება, რომ მათ დასაქმებას ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. შესაბამისად, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, მინდა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში აღნიშნული გარემოების გათვალისწინება ვთხოვო. შშმ პირების დასაქმებით, თქვენ მხოლოდ მათი ოჯახების მხარდაჭერასა და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებას არ მოახდენთ. ეს ქვეყნის კეთილდღეობას სჭირდება და ამ გადაწყვეტილებით ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ. გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.
ასევე სიმონ პეტრიდისმა, შშმ პირთა უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო 6 დეკემბერს მრგვალი მაგიდა-პანელურ დისკუსიაში, რომელიც „შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობასა და შრომის პოლიტიკის ოპტიმიზაციის“ თემაზე ჩატარდა.
ღონისძიება ,,საზოგადოება ბილიკისა“ და სლოვაკური ორგანიზაცია TENENET-ის ორგანიზებით და Slovak Aid-ის ფინანსური დახმარებით გაიმართა. ღონისძიებას მხარს უჭერს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
პრეზიდენტის მრჩეველმა შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკის განხრორციელებაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მონაწილეობასა და როლზე ისაუბრა.
საუბრისას აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს პრეზიდენტისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა და ამ მხრივ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობის განსაზღვრისთვის შეიქმნა თემატური სამუშაო ჯგუფები და შშმ თემის ჩართულობით კონკრეტული ამოცანები იქნა დასახული.
,,ჩვენ, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსთან ერთად, შშმ პირთა დასაქმების ფორუმების ორგანიზების გამოცდილება გვაქვს, რომელიც შშმ პირების უშუალო კომუნიკაციას ისახავს მიზნად მათი დასაქმებით დაინტერესებულ მხარეებთან, თუმცა ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ფორუმების ორგანიზებით არ შემოიფარგლება. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დასაქმების ხელშეწყობის პოლიტიკის ფორმირების პროცესში აქტიურადაა ჩართული. ჩვენ დაცული სამუშაო ადგილის სუბსიდირების კომისიის წევრი ვართ, რაც საშუალებას გვაძლევს სწორი ინკლუზიური დასაქმების პროცესში, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, საზოგადოების წევრები და ექსპერტები ჩავრთოთ, რაც, მჯერა, ქვეყნის მასშტაბით, ამ მიმართულებით არსებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის პროცესს შეუწყობს ხელს“, – განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.