პრეზიდენტის ინიციატივით, ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისთვის ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია დაწესდა
პრეზიდენტის ინიციატივით, ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისთვის ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია დაწესდა

საქართველო თავისი 16-საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობით, თბილისი თავისი ლიტერატურული და საგამომცემლო ტრადიციებით, მრავალენობრიობით, მრავალანბანურობით, ღიაობით და თავისუფალი ცხოვრების სტილით იყო და დღესაც, ნამდვილად არის მსოფლიოში გამორჩეული ქალაქი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის მერიისა და იუნესკო-ს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე, ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, იუნესკო-ს გადაწყვეტილება, რომლითაც თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქი გახდა, დღევანდელ ციფრულ ეპოქაში წიგნის მნიშვნელობისა და მისი შეუცვლელობის გახსენების საშუალებას იძლევა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ვერ ვარ თქვენ გვერდით ამ ძალიან მნიშვნელოვან დღეს.

დღეიდან, იუნესკო-ს გადაწყვეტილებით, თბილისი ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქია. პირველ რიგში, ვულოცავ თბილისის მერიას ასეთ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო წარმატებას. მინდა მივულოცო  წიგნის ყველა მოყვარულს.

დღევანდელ ციფრულ ეპოქაში, როცა წიგნის მიმართ ახალგაზრდა თაობის დამოკიდებულებას ბევრი სხვა  კონკურენტი უჩნდება, იუნესკო-ს ეს ინიციატივა საშუალებას გვაძლევს, წიგნის მნიშვნელობა და მისი შეუცვლელობა გავახსენოთ თუ გავაგებინოთ ყველას, დიდსა და პატარას, აქაურს თუ უცხოელ სტუმარს.

ერთი წლით, სხვადასხვა ფორმატში, საზოგადოებრივ თუ სახელმწიფო საწყისებზე უნდა გამოვიყენოთ ეს პერიოდი და ახალი შესაძლებლობები გავუჩინოთ ავტორებს, როგორც გამომცემლებს, მწერლებს, როგორც მკითხველებს: უნდა შევქმნათ ახალი პროექტები და გზა ახალ ინიციატივებს გავუხსნათ.

საქართველო თავისი 16-საუკუნოვანი ლიტერატურული მემკვიდრეობით, თბილისი თავისი ლიტერატურული და საგამომცემლო ტრადიციებით, მრავალენობრიობით, მრავალანბანურობით, ღიაობით და თავისუფალი ცხოვრების სტილით იყო და დღესაც, ნამდვილად არის მსოფლიოში გამორჩეული ქალაქი, რომელსაც შესწევს ძალა და შემოქმედებითი ენერგია, ღირსეულად უმანსპინძლოს ლიტერატურით დაინტერესებულ სტუმრებს მთელი მსოფლიოდან. იყოს ახალი წამოწყებებისა და ინიციატივების ადგილი, იყოს მწერლებისთვის ახალი შთაგონების წყარო.

რადგანაც ვსაუბრობთ საერთაშორისო მოვლენაზე, მინდა, ხაზი გავუსვა ერთ აუცილებლობას: ჩვენ მეტი მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ ჩვენს მთარგმნელებს, რამეთუ ჩვენი ადგილი მსოფლიო ლიტერატურულ სამყაროში თარგმანზე გადის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი ინიციატივის შესახებაც ისაუბრა, რომელიც ახალგაზრდა მთარგმნებელს შეეხება.

„მაშასადამე, ამ მოვლენასთან დაკავშირებით მსურს, გამოვაცხადო ჩვენი ინიციატივა: პრეზიდენტის ეგიდით, დაწესდა ელისაბედ ორბელიანის სახელობის პრემია ახალგაზრდა მთარგმნელის პირველი თარგმანისთვის, რომელიც გაიცემა იუსენკო-ს წლის ფარგლებში, მომავალი წლის 22 აპრილს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.