საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის დეტალები უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს არჩეულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე დღეს ან ხვალ ბრიფინგი გაიმართება.
„ინაუგურაციის შესახებ დღე ან ხვალ ჩავატარებთ ბრიფინგს, რომ დეტალები გითხრათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკომპლექტებას, არჩეული პრეზიდენტის თქმით, შერჩევის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება.
„ბრიფინგი იქნება სრულყოფილად, სადაც ჩემი ადმინისტრაციის წევრებს წარვადგენ. მიმდინარეობს შერჩევა, ჯერ მთავარი ადამიანი არ არის შერჩეული. დღეს ან ხვალ ვასრულებ ამ პროცესს და გაგაცნობთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. პირველი არხის ინფორმაციით, ინაუგურაციის ცერემონიის ჩასატარებლად ორი ადგილი განიხილება – თბილისში მდებარე პარლამენტის შენობის ეზო და პრეზიდენტის ავლაბრის სასახლის ეზო.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციას სავარაუდოდ, ლაშა ჟვანია უხელმძღვანელებს.