პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე კვირაში გადაეგზავნება
პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე კვირაში გადაეგზავნება.
წარდგინებას ხელს აწერს პარლამენტის 81 დეპუტატი, რომელთა ხელმოწერების ნამდვილობა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს დაადასტურა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ერთი თვე აქვს განსახილველად, ხოლო პარლამენტისთვის დასკვნის გადაცემიდან ორი კვირის ვადაში საკითხს კენჭი ეყრება.
„ბოლო იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ პრეზიდენტს მიუთითა კონსტიტუციის დარღვევის ფაქტებზე, პრეზიდენტმა გააგრძელა იგივე ქმედებები. ბოლო იმპიჩმენტის პროცედურის შემდეგ პრეზიდენტის ქმედებებში იყო კონსტიტუციის დარღვევები, ასეთი ცხრა სხვადასხვა ეპიზოდი არის წარდგინებაში მოყვანილი და ცხრავე შემთხვევაში ვსაუბრობთ, რომ პრეზიდენტმა დაარღვია წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები, როდესაც სხვადასხვა შეხვედრის დროს აწარმოებდა მოლაპარაკებას. ყველაფერ ამას იგი აკეთებდა მთავრობის თანხმობის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე პრეზიდენტს უთხრა, რომ ასეთ მოლაპარაკებებს სჭირდება მთავრობის თანხმობა, თუმცა პრეზიდენტი აგრძელებს დარღვევას. თუ გვექნება მაღალი მხარდაჭერა, მომდევნო მოწვევის პარლამენტში ერთ-ერთი პირველი რამ, რასაც პარლამენტი გააკეთებს, იქნება პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა, ამას სჭირდება 100 მანდატი. ვფიქრობთ, კიდევ უფრო მეტსაც მიიღებს „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგებით. პრეზიდენტი არის თანამდებობის პირი, რომელიც პირველი უნდა იყოს კონსტიტუციის დაცვის თვალსაზრისით და ჩვენ საწინააღმდეგო სურათი გვაქვს. ფაქტობრივად, თავდაყირა დააყენა კონსტიტუციური მართლწესრიგი. საზოგადოება ხედავს, რომ პრეზიდენტი გახდა კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ ჩვეულებრივი აგიტატორი. კონსტიტუციურ წარდგინებაში ჩვენ მოვიყვანეთ მხოლოდ ის ფაქტები, რომლის მსგავს ფაქტებზეც საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ნამსჯელი აქვს, ანუ იქ სადავოც არ შეიძლება არაფერი გახდეს. ასეთი ცხრა ეპიზოდია მოყვანილი წარდგინებაში. ჩვენ აღარ წავედით ამის იქით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა.