პრეზიდენტის ფონდმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ესსეების კონკურსი გამოაცხადა
პრეზიდენტის ფონდმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ესსეების კონკურსი გამოაცხადა.
კონკურსი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოს მოქალაქე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეეძლებათ.
საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: პირველი რესპუბლიკის ასწლეულის ანალიზი და შეჯამება, ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე არსებული გამოწვევების ხედვა, ნაშრომის აკადემიური სტილი და ასევე შესაბამისობა კონკურსის მიზანთან.
ნაშრომებს ხუთი წევრისგან შემდგარი ჟიური 10-ქულიანი სისტემით შეაფასებს. ამასთან, გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი ჯილდო, საუკეთესო 20 ესსესგან შედგება კრებული, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებსა და ბიბლიოთეკებს უფასოდ გადაეცემა.
კონკურსანტებმა ნამუშევრები 7 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით უნდა გაგზავნონ მისამართზე: [email protected].
გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია ივნისში გაიმართება.