საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება. შესაბამის ბრძანებულებას სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა და ცვლილება 21 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნება სამდივნო, რომლის ძირითადი ამოცანები იქნება საგარეო ურთიერთობის მიმართულებით პრეზიდენტის საქმიანობის ანალიტიკური უზრუნველყოფა; პრეზიდენტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ოფიციალური გამოსვლებისა და მიმართვების ტექსტების მომზადება; სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან პრეზიდენტის ურთიერთობის კოორდინაცია; პრეზიდენტის არქივის წარმოება.
„სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელიც სამსახურში მიიღება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით“, – წერია პრეზიდენტის ბრძანებულებაში.
ამასთან, ადმინისტრაციაში არსებული რვა სამსახურის ნაცვლად, ჩამოყალიბდება შვიდი სამსახური. იცვლება მედიაცენტრის სახელწოდება და ის კომუნიკაციის სამსახურის სახელით გააგრძელებს საქმიანობას.
ხდება შემდეგი სტრუქტურული ერთეულების რეორგანიზაცია – იურიდიული სამსახურის, მოქალაქეებთან ურთიერთობისა და კორესპონდენციის მართვის სამსახურის, ასევე საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკური ცენტრის. შედეგად ჩამოყალიბდება ადამიანური რესურსების მართვის, ასევე სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახური.
ცვლილება არ შეეხება პროტოკოლის; დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა; საფინანსო; სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურებს.