პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს.
„უკვე მესამედ, მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა მათთვის სასურველი კანდიდატები კონკრეტულ თანამდებობებზე. ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, ცესკო-ს თავმჯდომარე და წევრები. სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია გამომდინარეობს სახელმწიფო და არა – პირადი ინტერესებიდან. პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას, მაგრამ პრინციპულად მიაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს. ამდენად, ამ კანონსაც პრეზიდენტი ვეტო-ს დაადებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
„საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.