პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უცხოეთში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზის შექმნაზე დაიწყო მუშაობა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უცხოეთში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზის შექმნაზე დაიწყო მუშაობა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურბიშვილმა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე უნივერსიტეტის დამფუძნებლებს, სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ისინი წარმატებული ექიმები იქნებიან ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მედეას ქვეყანაა და მედიცინა ქართველებისათვის გენეტიკური დარგია. ამის მაგალითი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოღვაწე ქართველი ექიმები არიან. პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია მათთან კავშირებისა და კონტაქტების შენარჩუნება.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო მუშაობა უცხოეთში სასწავლებლად წასული ქართველი სტუდენტების ერთიანი ბაზის შექმნაზე, რადგან ეს საქართველოს უზარმაზარი ადამიანური კაპიტალია, რომელიც ბოლომდე გამოყენებული არ არის.

„30 წლის წინ წამოწყებული ეს საქმე დღეს სამაგალითოა. ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში მას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან 1989 წელს კერძო უნივერსიტეტის ჩამოყალიბება გმირობა იყო.
დღეს ეს უკვე მთელი ქვეყნისთვის საამაყო წარმატებული უნივერსიტეტი და წარმატებული საქმეა. თქვენ უმნიშვნელოვანეს საქმეს აკეთებთ, რადგან ჯანდაცვისა და სამედიცინო სფეროს განვითარება უზრუნველყოფს ჯანმრთელი თაობების გაზრდას.

თქვენ შეძელით და ამ პროფესიაში მაღალი დონის კადრები მოამზადეთ. ეს ურთულესი პროფესიაა, სადაც მნიშვნელოვანია კადრების ხარისხი და ღირსება. პროფესია, რომელსაც ბევრი მოეთხოვება და არაფერი ეპატიება.

თქვენ დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმე – უცხოეთში სტუდენტების გაგზავნა, იქ მათი მომზადება, დაბრუნების ხელშეწყობა და მათთან კავშირების შენარჩუნება, რათა გააგრძელონ ჩვენი ქვეყნის დახმარება. აუცილებელია, ვიცოდეთ ვინ წავიდა, ვინ დაბრუნდა და ვინ განაგრძობს საზღვარგარეთ საქმიანობას.

დარწმუნებული ვარ, საქართველო უახლოეს მომავალში დაიბრუნებს თავის ადგილს მსოფლიო რუკაზე, როგორც სამედიცინო და სარეაბილიტაციო დარგში ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა. სამედიცინო ტურიზმი ჩვენი ტურიზმის მნიშვნელოვანი დარგია“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.