პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა - ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა გამარტივდა
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა - ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა გამარტივდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

ადმინისტრაციის ცნობით, ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები.

„ახალი წესის შემუშავების პროცესში კონსულტაციები გაიმართა სახელმწიფო უწყებებთან და ექსპერტებთან. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველ იანვრამდე ადმინისტრაციაში დაინერგება შეწყალების საქმის წარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა. ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები. შეწყალების წესის არსიდან გამომდინარე, პრეზიდენტი უფლებამოსილებას გამოიყენებს განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში, რაც შეწყალების აქტების რაოდენობას საგრძნობლად შეამცირებს. შეწყალების აქტი დაფუძნებულია როგორც ჰუმანიზმის პრინციპზე, ასევე სახელმწიფო ინტერესზე და ის არ არის სასამართლოს ხარვეზების გამოსწორების მექანიზმი. შეწყალებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თითოეულ საქმეზე  გაივლის კონსულტაციას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან და დარგის სპეციალისტებთან“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა შეწყალების ახალი წესის გამოქვეყნებისთანავე დაიწყება.