პრეზიდენტის ადმინისტრაცია - უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა, პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ
საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია სანქციების გვერდის ავლის საკითხში, არამედ პირველია, ვინც, საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დღევანდელ მოცემულებაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული.
„უკვე მერამდენე მიზანმიმართული მცდელობაა, პრეზიდენტის განცხადებები არასწორად გაავრცელონ და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ამჯერად საქმე ეხება სანქციების გვერდის ავლის თემას – საქართველოს პრეზიდენტს ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია ამ საკითხში, არამედ პირველია, ვინც, საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს. მას არაერთხელ განუცხადებია, რომ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, არ არსებობს საქართველოს გზით სანქციებისთვის თავის არიდების ფაქტი, პირიქით, საქართველოს ფინანსური სექტორი ზედმიწევნით ასრულებს ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციას. დღევანდელ მოცემულებაში, როცა ქვეყნის მიმართ ისმის ბრალდებები, თითქოსდა საქართველოს ტერიტორია გამოყენებულია სანქციებისგან თავის არიდებისთვის, საჭიროა, ხელისუფლებამ მიიღოს ყველა ზომა, რათა ქვეყნის რეპუტაცია ეფექტიანად იყოს დაცული“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ სანქციებთან დაკავშირებით „სიცრუის ტირაჟირებაში აიყოლიეს პრეზიდენტიც, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა“.