პრეზიდენტის ადმინისტრაცია თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით გაგზავნილი წერილის შესახებ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ფეიკ ნიუსს უწოდებს თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით წერილის გაგზავნის შესახებ დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
„არანაირი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით არ მომზადებულა და მით უფრო, თურქეთის კლინიკაში არ გაგზავნილა. ეს აბსოლუტური ფეიკ ნიუსია“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
ადვოკატის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს თურქეთის კლინიკაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად არ უშვებენ. „ცოტნეს იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დამზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან მანანა არჩვაძე-გამსახურდიას გარდა სხვა პირის დაშვებას“, – განუცხადა ანა ჯაბაურის ადვოკატმა ჟურნალისტებს.