პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყების შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება. ამის შესახებ ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.
„მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.
ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც გენერალური პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.
საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის აღმოჩნდენენ მკვლელობისთვის გასამართლებული სამი პირი და ერთი ძებნილი.