პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სალომე ზურაბიშვილმა შინდისის გმირს, უმცროს სერჟანტ ალექსანდრე ონიანს ეროვნული გმირის ორდენი მიანიჭა, შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიგეგმება ჯილდოს გადაცემის ცერემონია
საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა უმცროს სერჟანტ ალექსანდრე ონიანს, თუმცა არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაჯილდოების ღონისძიება დღეს ვერ ჩატარდება იმ მასშტაბით, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მოითხოვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ადმინისტრაციის ცნობით, შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიგეგმება ჯილდოს გადაცემის ცერემონია.
„13 წელი გავიდა შინდისის ბრძოლიდან. დღეს საქართველო პატივს მიაგებს სამშობლოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის თავდადებული 17 გმირის უკვდავ ხსოვნას.
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისში მტერთან გამართულ უთანასწორო ბრძოლაში ჩვიდმეტმა ქართველმა ჯარისკაცმა სიცოცხლე შესწირა საკუთარ ქვეყანას.
შინდისის გმირების თავგანწირვა არის საქართველოს ისტორიის საამაყო ფურცელი, რომელიც დაღვრილ სისხლთან ერთად მომავლის იმედს ასაზრდოებს.
ქვეყანას, რომლის ჯარისკაცებისთვისაც სამშობლოს თავისუფლება და მიწა-წყალი საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასია, გლოვისა და უიმედობის საბაბი არ აქვს.
სწორედ ამ დღეს, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო, საქართველოს ეროვნული გმირის ორდენი მიენიჭა უმცროს სერჟანტს, ალექსანდრე ონიანს, რომელმაც ბოლომდე თავგანწირვით იბრძოლა და ცოცხალი არ ჩაბარდა მტერს.
არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, დაჯილდოების ღონისძიება დღეს ვერ ჩატარდება იმ მასშტაბით, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მოითხოვს. შეზღუდვების მოხსნისთანავე დაიგეგმება ჯილდოს გადაცემის ცერემონია“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.