პრეზიდენტის ადმინისტრაცია - კატეგორიულად უარვყოფთ ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კატეგორიულად უარყოფს „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ბრალდებული პირი, თითქოს პრეზიდენტის მიერ იყო შეწყალებული, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება ისეთ სენსიტიურ თემაზე, როგორიც შეწყალებაა, შესაძლოა იყოს, ან უპასუხისმგებლო და არაპროფესიონალური მიდგომის მანიშნებელი, ან პრეზიდენტის ინსტიტუტისა და შეწყალების მექანიზმის დისკრედიტაციის მცდელობა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს, „ტვ პირველს“ დაუყოვნებლივ, არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში უარყოს მის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და საზოგადოებას გააცნოს აღნიშნული განცხადება“,- ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.