პრეზიდენტის ადმინისტრაცია - აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ინიციატივით მაისში დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად მზაობა გამოხატა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია - აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარემ პრეზიდენტის ინიციატივით მაისში დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად მზაობა გამოხატა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, ორბელიანების სასახლეში გამართული შეხვედრისას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარე მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოიწვია, რაზეც საჰიბა გაფაროვამ მზაობა გამოთქვა.

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების მეტად გაღრმავების მნიშვნელობაზე.

„წელს საქართველო და აზერბაიჯანი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს აღნიშნავენ. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის დონის უფრო მაღალ ნიშნულზე აყვანის მნიშვნელობას, რასაც უთუოდ ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანში უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ხშირად განხორციელება.

მხარეებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ჩვენი რეგიონის რეალური განვითარებისა და კულტურული, ეკონომიკური, თუ სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენებისაათვის, საჭიროა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარება. საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას ქვეყნისათვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა“, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.