პრეზიდენტი პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენაზე შესაბამის აქტს დღეს გამოსცემს
პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოსთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის წარდგენის შესახებ შესაბამის აქტს დღეს გამოსცემს, – აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარუდგინა. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად კი, პრეზიდენტი კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს.
„როგორ უნდა იმოქმედონ ამ შემთხვევაში თანამდებობის პირებმა, განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. კონსტიტუციის 80-ე პრიმა მუხლი ცალსახად ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ალტერნატიული მოქმედების შესაძლებლობას და აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი იმოქმედებს ისე, როგორც ამას განსაზღვრავს კონსტიტუცია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ცალსახად დააფიქსირა თავისი პოზიცია იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.
„მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური პოზიცია ნათლად დააფიქსირა და საჯაროდ თქვა, თავისი მოსაზრებით ვინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად – ეს არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მმართველმა გუნდმა თავისი არჩევანი გააკეთა. პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიცია ერთი საკითხია და მეორე საკითხი ეს არის, რას განსაზღვრავს და როგორ განსაზღვრავს კონსტიტუცია. ბუნებრივია, პრეზიდენტი როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტი, შეასრულებს იმ მოვალეობას, რასაც აკისრებს ქვეყნის კონსტიტუცია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
მისი განმარტებით, პრეზიდენტს კონსტიტუციით შვიდ დღიანი ვადა აქვს, თუმცა შესაბამისი აქტი დღეს გამოიცემა .
„პრეზიდენტი მოქმედებს იმ ვალდებულების ფარგლებში, რასაც აკისრებს კონსტიტუცია, მიუხედავად იმისა, რომ მას განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია აქვს და ეს ნათელი იყო, როდესაც მან ისაუბრა, რომ მისი შეხედულებით, მოცემულ სიტუაციაში, მმართველ გუნდს უნდა წარმოედგინა ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა, მაგრამ მმართველმა გუნდმა წარმოადგინა სხვა კანდიდატურა. ამ კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი დღეს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს თავისი განკარგულებით“, – აცხადებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი.
საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ბახტაძე წარადგინა და შესაბამისი წარდგინება პრეზიდენტს გადაუგზავნა.