პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილს ამ დროისთვის 10 000 მხარდამჭერის ხელმოწერა აქვს შეგროვებული
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ხელმოწერების შეგროვებას შიდა ქართლში, გორსა და კასპში განაგრძობს.
პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა გორში აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სამშობლოსთვის დაღუპული გმირების მემორიალი მოინახულა და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
კანდიდატმა შეხვედრები გამართა გორის და კასპის მოსახლეობასთან და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
„მოსახლეობას ბევრი კითხვა ჰქონდა. ძალიან საინტერესო საკითხები იყო წინ წამოწეული და ამით მე დავკავდები. ხელმოწერების კამპანია ძალიან საინტერესოდ მიდის. ბევრ სოფელში გროვდება ხელმოწერები.
კასპიდან მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ამომრჩეველს ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დარეგისტრირების შემდეგ, ზურაბიშვილის მიმართ მხარდაჭერა საკუთარი ხელმოწერით უკვე 10 000-მდე ადამიანმა დააფიქსირა.