პრესსამსახური - საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს დებატებზე რუსეთის პოლიტიკა გააკრიტიკა
ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სიტყვით გამოვიდა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს დებატებზე რუსეთის პოლიტიკა გააკრიტიკა.
შეხვედრაზე, რომელსაც მოდერაციას უწევდა აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში და ნატო-ს გენმდივნის ყოფილი მოადგილე, დიპლომატი ალექსანდრ ვერშბოუ, საქართველოს პრეზიდენტმა მიწვეული სტუმრების შეკითხვებს უპასუხა.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე, მიღწეულ პროგრესსა და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრა.
საკუთარ გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები მიმოიხილა, რუსეთის პრეზიდენტის პოლიტიკას შეეხო და აღნიშნა, რომ იგი ვერ შეაჩერებს საქართველოს და უკრაინის განვითარებასა და წინსვლას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსანდრ ვერშბოუმ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ წარმოაჩინა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები, განხორციელებული რეფორმები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია და გარკვეულწილად გამოწვევის წინაშე დააყენა ევროპა და ნატო, რათა მათ გადადგან შემდგომი ნაბიჯები, დასავლეთისაკენ მიმავალ გზაზე საქართველოს დასახმარებლად.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მის გამოსვლაში პრეზიდენტ პუტინის სტრატეგიის მარცხად შეფასება იყო. მიუხედავად იმისა, რომ პუტინი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს, უკრაინისა და სხვა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების დასავლეთისაკენ მიმავალი გზა, ის ამ მცდელობებში მაინც წარუმატებელია. თუმცა, ჩემი აზრით, დასავლეთს აქვს ვალდებულება, საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერის მეშვეობით ამ მოცემულობის შენარჩუნება უზრუნველყოს“, – აღნიშნა ვერშბოუმ.