პრესის თავისუფლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პირველი არხის მენეჯმენტი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა
3 მაისს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტს „მრავალფეროვანი საქართველო“ ოთხი წელი შეუსრულდა, რასთან დაკავშირებითაც პირველი არხის მენეჯმენტსა და საქართველოში მოქმედ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება წარმოადგენს. მისივე თქმით, ორგანიზაცია პერმანენტულად მართავს სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს დაინტერესებულ ჯგუფებთან, რაც მიზნად ისახავს ორგანიზაციული პროცესების გამჭვირვალობის და ღიაობის ხელშეწყობას.
„მაუწყებლის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ამოცანაა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში და მათთვის აქტუალური საკითხების ასახვა პროდუქციაში, ყველა პლატფორმაზე“, – აღნიშნა თინათინ ბერძენიშვილმა.
როგორც პროექტის ხელმძღვანელმა, რამილია ალიევამ განაცხადა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ზუსტად ოთხი წლის წინ შექმნა ჯგუფი „მრავალფეროვანი საქართველო“ ორგანიზაციაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ინფორმირებულობისთვის, მათი ინტეგრირებისთვის ქართულენოვან გადაცემებში და მათ ენებზე მედიაპროდუქტების მომზადებისთვის.
„უკვე ოთხი წელია, ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით. საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს აქვს ოთხი გამოშვება აზერბაიჯანულ ენაზე, ოთხი სომხურ ენაზე, ასევე პირველი არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება სინქრონულად ითარგმნება აზერბაიჯანულ, სომხურ ენებზე და ვრცელდება სხვადასხვა პლატფორმით. საქართველოს პირველმა არხმა „ტელესკოლის“ ფარგლებშიც მოამზადა გაკვეთილები ეთნიკური უმცირესობებისთვის. „ტელესკოლის“ ეთერში ყოველდღიურად გადიოდა ქართული ენის გაკვეთილები არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის. საქართველოს პირველი არხისთვის მრავალფეროვნება არის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული საკითხი. მომავალშიც, საზოგადოებრივი მაუწყებელი არაერთ პროექტს განახორციელებს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ გაიგონ ინფორმაცია, როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ“, – განაცხადა რამილია ალიევამ.
ამასთან, საქართველოს პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის, გიორგი გვიმრაძის განცხადებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს პროექტით „მრავალფეროვანი საქართველო“ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში.
„მრავალფეროვანი საქართველო“ უკვე ოთხი წელია, არსებობს. დღეს შედგა პრეზენტაცია იმ აქტივობების, რაც ამ დროის განმავლობაში განხორციელდა. „მრავალფეროვანი საქართველო“ უაღრესად მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რა ტიპის გამოწვევების წინაშეც დგას ქვეყანა, როდესაც ვსაუბრობთ სამოქალაქო ინტეგრაციაზე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართულობაზე. ჩვენი აზრით, ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილია, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეაქვს ქვეყნისა და საზოგადოების განვითარებაში“, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ საქმიანობა, სამომავლო გეგმები. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.