პრემიერის ანგარიშის მიხედვით, მიმდინარეობს მუშაობა „ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის“ პროექტის განახლებაზე, მათ შორის უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიისა და შეცვლილი რეგიონული უსაფრთხოების გათვალისწინებით
მიმდინარეობს მუშაობა „ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის“ პროექტის განახლებაზე, დახვეწასა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავებაზე, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და შეცვლილი რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად ქვეყანა აგრძელებს ტოტალური თავდაცვის მიდგომის დანერგვას.
„პროცესის აუცილებელი კომპონენტია ეროვნული და უწყებრივი დოკუმენტების განახლება და მათი თანხვედრაში მოყვანა, რის ფარგლებშიც, თავდაცვის სამინისტრომ, ამერიკელ და სხვა პარტნიორებთან ერთად, შეიმუშავა და განაახლა თავდაცვის სფეროს მიკუთვნებული რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტი. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, დაასრულა მუშაობა „ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის“ თავდაცვის სამინისტროს კომპონენტზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პროექტის განახლებაზე, დახვეწასა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის შემუშავებაზე, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და შეცვლილი რეგიონული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
დოკუმენტის თანახმად, დამტკიცდა 2022−2025 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021-2025“-ის დოკუმენტში გაცხადებული მიმართულებების შესასრულებლად, 2022 წლისთვის განსაზღვრავს მიზნებს დროში გაწერილი ამოცანებითა და აქტივობებით.
„2021 წელს დამტკიცდა თავდაცვის ძალების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტი − „თავდაცვის ძალები 2030“, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების მდგრადი და სტაბილური განვითარების პირობების შექმნა. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების ერთიანი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, 2021 წლის 8 დეკემბრის საქართველოს თავდაცვის მინისტრის №1071 ბრძანებით დამტკიცდა „თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავების სახელმძღვანელო“, რომელიც ადგენს უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების შემუშავების სტრუქტურას, მეთოდოლოგიასა და ძირითად კომპონენტებს. 2021 წლის 6 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №058 ბრძანებით დამტკიცდა „თავდაცვის სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უწყებრივი დონის სახელმწიფო თავდაცვის დაგეგმვის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მეთოდოლოგიას. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის დონის რამდენიმე წარმატებული ვიზიტი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, რამაც განაპირობა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო სრულყოფა და ახალი ინიციატივების იდენტიფიცირება“, – ნათქვამია დოკუმენტში.