პრემიერის ანგარიში - უმუშევრობის დონე 2023 წელს შემცირდა 0.9 პროცენტული პუნქტით და 16.4%-ით განისაზღვრა
საქართველოს მთავრობა განმარტავს, რომ 2023 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე აისახა.
როგორც პრემიერ-მინისტრის წლიურ მოხსენებაშია აღნიშნული, 2023 წელს დაფიქსირდა დასაქმებულთა რეკორდული რაოდენობა და უმუშევრობის მინიმალური მაჩვენებელი.
„დასაქმებულთა რაოდენობა 51 ათასით გაიზარდა და მილიონ 335 ათასი შეადგინა. მათ შორის, აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია 50 ათასით, რაც პროდუქტიულ დასაქმებაზე მიანიშნებს. უმუშევრობის დონე 2023 წელს შემცირდა 0.9 პროცენტული პუნქტით და 16.4%-ით განისაზღვრა. 2024 წლის პირველ კვარტალში გაგრძელდა უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების მზარდი დინამიკა და უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. 2024 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონე, წინა წლის პირველ კვარტალთან შედარებით, შთამბეჭდავად − 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით გაიზარდა და ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – მილიონ 402 ათასი შეადგინა. დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.