პრემიერის ანგარიში - შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, რომლის მთავარი სამიზნე ნარკორეალიზატორები არიან
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, რომლის მთავარი სამიზნე ნარკორეალიზატორები არიან, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 4 406 პირი, მათ შორის 294 ნარკორეალიზატორია.
„მთავარ პრიორიტეტად და გამოწვევად რჩება ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ ე.წ. დარქნეტში არსებული ონლაინმაღაზიების იდენტიფიცირებას, ტექნიკურ დამუშავებასა და შემდგომ ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების გატარებას ინტერნეტნარკორეალიზაციაში ჩართული პირების დაკავების მიზნით. შს სამინისტროს ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, საანგარიშო პერიოდში დაიხურა 10 ინტერნეტნარკოსარეალიზაციო მაღაზია და დაკავებულ იქნა ნარკოტიკებით ონლაინვაჭრობაში ჩართული 31 პირი. პრიორიტეტულ საკითხად რჩება ნარკოტიკული საშუალებების საქართველოს გავლით ტრანზიტულად გადაზიდვის აღკვეთა.
საანგარიშო პერიოდში, აღნიშნულ პრობლემასთან გამკლევების მიზნით, შს სამინისტრომ განაგრძო მჭიდრო თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციასთან (DEA), ასევე ევროპელ სამართალდამცავებთან. მათთან ერთად გრძელდება ისეთი კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება, როგორიცაა, მაგალითად, საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და გაერო-ს ნარკოტიკებისა და დანაშაულთან ბრძოლის ოფისს (UNODC) შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე შექმნილია უწყებათაშორისო სამუშაო ჯგუფი − „კონტეინერების კონტროლის ჯგუფი“, რომლის მიზანია საქართველოში შემოტანილი ან ტრანზიტით მოძრავი აკრძალული ტვირთების აღმოჩენა. ჯგუფი განთავსებულია თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბათუმისა და ფოთის პორტებში. ჯგუფის წევრები მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზებით მოძრავი საეჭვო ტვირთების იდენტიფიცირებასა და მათ შემოწმებას. ჯგუფის წევრები კვალიფიკაციის ამაღლებისა და გამოცდილების შეძენის მიზნით მუდმივად გადიან გადამზადებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტრენინგებსა და სემინარებზე“, – ნათქვამია მოხსენებაში.