საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დიპლომატებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„საქართველოს ყველა დიპლომატს ვულოცავ დიპლომატის დღეს!
სწორედ ქართული დიპლომატიის დიდი დამსახურებაა ის, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად მიიკვლევს გზას თანამედროვე – ერთი მხრივ, გამოწვევებითა და, მეორე მხრივ, შესაძლებლობებით სავსე მსოფლიოში.
საგარეო უწყების თითოეულ წარმომადგენელს უდიდესი მისია აკისრია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვისა და ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების წარმართვის პროცესში.
მადლობას გიხდით თქვენი შემართების, პატრიოტიზმისთვისა და თავდადებისათვის.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას, ღვაწლსა და მონდომებას. გისურვებთ დიდ გამარჯვებებს საქართველოს საკეთილდღეოდ“, – აღნიშნულია პრემიერის მილოცვაში.
3 ნოემბერს ქართული დიპლომატიის დღე აღინიშნება. ეს თარიღი ქართველი დიპლომატების პროფესიულ დღესასწაულად 2004 წელს დაწესდა და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.