პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაფართოებისთვის აუცილებელი ღონისძიებების მოკლე ვადებში გატარება დაავალა
იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასა და ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გაფართოების აუცილებლობაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს დაავალა, მოკლე ვადებში განახორციელონ სათანადო ღონისძიებები, რათა ვაქცინებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა, მათ შორის გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაქსიმალურად გაიზარდოს.
ამ მიზნით, იგეგმება სოფლის ამბულატორიების მობილიზება, ასევე მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების მომზადება დიდი ქალაქების სავაჭრო ცენტრებში. ქვეყანაში მობილიზებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული 4 სახეობის ვაქცინის ჯამში 2 მილიონი დოზა და მნიშვნელოვანია, ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო სწრაფად წარიმართოს, რათა ქვეყანა ეპიდვითარების მკვეთრი გაუარესების საფრთხისა და შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობის წინაშე არ დადგეს.
საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა განიხილეს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ჰოსპიტალურ სექტორში არსებული ვითარება. აღინიშნა, რომ საჭიროების შესაბამისად, ჯანდაცვის უწყება განაგრძობს ჰოსპიტალურ სექტორში დამატებითი საწოლების მობილიზაციას. ამასთან, კოვიდის მართვის პროცესში დამატებით ჩაერთო 4 კლინიკური სასტუმრო, უახლოეს დღეებში კი კიდევ 9 ახალი სასტუმრო ჩაერთვება.
საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებლები საყურადღებოა, თუმცა მთავრობა სრულად მართავს პროცესს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, დაიცვან მოქმედი რეგულაციები, მათ შორის სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე – ღია სივრცეებში, ხალხმრავალი თავშეყრის ადგილებში. როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში, კვლავ აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ.
ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვარზე შემოსვლა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის საფუძველზე შეუძლიათ, ემატება ლიბანი და იორდანია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 398 081 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 370 565 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 656 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 50 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 1487 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 4780 პირი.
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.