პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს მასობრივი ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის უზრუნველყოფა დაავალა
მასობრივი ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, ქვეყანამ გასულ კვირას მიიღო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინების – „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა, რის შემდეგაც ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია განახლდა. პრემიერმა ჯანდაცვის უწყებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია, ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობასა და ჯავშნებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინაციის პროგრამაში ქვეყნის მასშტაბით ჩართულია 160 სამედიცინო დაწესებულება და აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის მეშვეობით, ასევე უშუალოდ დაწესებულების ცხელ ხაზზე, რომელთა შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც.
ამასთან, ქვეყანა უახლოეს პერიოდში ელოდება ვაქცინების დამატებით დოზებს, რომელთა მოწოდება ეტაპობრივად განხორციელდება და ჯამში, წლის ბოლომდე ქვეყანაში მობილიზებული იქნება ვაქცინის ოთხი მილიონამდე დოზა. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მასობრივი ვაქცინაციის პროცესის ეფექტური მართვის აუცილებლობას და აღნიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით წარიმართოს და პროცესის გამართულობის კუთხით ნებისმიერი ხარვეზი დაუშვებელია.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია. აღინიშნა, რომ ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად რჩება პირბადე, რომლის ტარება კვლავაც სავალდებულოა ხალხმრავალი შეკრების ადგილებში, მათ შორის გაჩერებებზე, ბაზრობებზე, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და დახურულ სივრცეებში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 371 293 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 355 718 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაცვლილია 5 383 ადამიანი. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 69 ადამიანი, კლინიკურ სასტუმროებში – 837 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 2 961 პირი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე კახა კუჭავას ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.