პრემიერ-მინისტრმა ქართველ სპორტსმენებს ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება უსურვა
მინდა, ჩვენს სპორტსმენებს კორეის ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე წარმატება ვუსურვო – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, ოლიმპიური მოძრაობა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესია.
„ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას ზამთრის თამაშებზე, ესენი არიან: იასონ აბრამაშვილი და ნინო წიკლაური – სამთო-სათხილამურო სპორტში, ასევე, გიორგი საღოიანი საციგაო სპორტში და მორის ყვითელაშვილი ფიგურულ ციგურაობაში.
მინდა, მათ წარმატება ვუსურვო. საერთოდ, ოლიმპიური მოძრაობა ქვეყანაში არის უმნიშვნელოვანესი – ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების კუთხით და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას განსაკუთრებულად შევუწყობთ ხელს“, – განაცხადა პრემიერმა.