საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტი“ გახსნა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კახეთს შეემატა აბსოლუტურად თანამედროვე ინფრასტრუქტურით გაწყობილი სასტუმრო.
კვირიკაშვილის თქმით, სასტუმროში 7 მილიონ 500 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ერთობლივად, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მიერ – პროგრამა – „აწარმოე საქართველოში“, ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პროგრამისა და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით.
„ამ პარტნიორობით შეიქმნა ეს ულამაზესი სასტუმრო-კომპლექსი, დედამიწის ამ ულამაზეს ადგილას. ეს არის ალაზნის ველისა და ფაფრის მინდვრების მიკროზონა, ულამაზესი ხედით კავკასიონის მთებზე და მართლაც ღირსშესანიშნავი ახალი დასასვენებელი ადგილი საქართველოში“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ამ ინვესტიციის შედეგად შეიქმნა ათეულობით ახალი სამუშაო ადგილი, მაგრამ ინვესტიციების გვერდითი ეფექტები არის გაცილებით უფრო დიდი.
„მოგეხსენებათ, რომ მევენახეობის მიმართულებითაც კომპანია „კახეთის ტრადიციული მეღვინეობა“ ახორციელებს უზარმაზარ ინვესტიციებს და მინდა, ბატონ ზურაბ ჩხაიძეს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა იმ მამულიშვილური საქმისთვის, რომელსაც ის აკეთებს არა მარტო აქ, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით.
ძალიან სასიხარულოა, რომ კახეთში ტურიზმი გადადის თვისობრივად ახალ განზომილებაში. მოთხოვნა ასეთი ტიპის სასტუმრო კომპლექსებზე ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, გასული წლის განმავლობაში 28%-ით გაიზარდა ტურისტების რიცხვი საქართველოში. ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 2025 წლამდე გავაასმაგოთ ტურისტების რაოდენობა საქართველოში. მხედველობაში მყავს ტურისტები, რომლებიც ტურიზმის მიზნით ჩამოდიან და შეგვიძლია ასეთი რიცხვი 10 მილიონამდე გავზარდოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მართლაც და სრულიად სხვა ცხოვრების დონე მივიღოთ საქართველოში, მნიშვნელოვნად გაიზარდოს დასაქმების დონე და ქვეყნის ვიზუალური სახეც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კახეთში მსხვილი ინვესტიციები ხორციელდება და აღნიშნა, რომ სპეციალური პროგრამები დაფუძნდება.
„ჩვენ უკვე შევთანხმდით კერძო ინვესტორებთან ერთად, რომ აქ დაფუძნდება სპეციალური პროგრამები. ცოტა ხნის წინ ვახსენეთ, რომ როგორც შვეიცარიაშია „ვერბიეს ფესტივალი“, წინანდლის ბაზაზე ვაპირებთ, რომ ზუსტად ასეთი სასწავლო, სამუსიკო, კონკრეტულად კლასიკური მუსიკის მიმართულებით რეგიონული მასშტაბის პროგრამა დავაფუძნოთ, სადაც მომზადდებიან ახალგაზრდები. ეს იქნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა მეზობელი ქვეყნის ჩართულობით, ყოველწლიური“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ საქართველო ერთის მხრივ, უძველესი, ღვინის 8 000 წლოვანი ისტორიის მქონე, ხოლო მეორეს მხრივ პროგრესისა და სინერგიის ქვეყანაა.
„საქართველო არის პროგრესის და სინერგიის ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჯერ-ერთი ჩვენი ქვეყანა 8 000-წლოვანი მეღვინეობის ქვეყანაა, მეღვინეობის სამშობლო, ყველაზე ძველი ტრადიციის ქვეყანა და მეორეს მხრივ, სოლარული ენერგიის სისტემა ანუ მზის ბატარეების სისტემა ამ სასტუმროში შექმნილი და დამონტაჟებულია ქართველი ინჟინრების მიერ. მინდა, მოვუწოდო ყველა ბიზნესმენს და ინვესტორს, რომელიც საქართველოში ააშენებს ახალ ლამაზ სასტუმროს, რომ ენდონ ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერებს მსოფლიოში – საქართველოს ინოვატორებს და მეცნიერებს, რომელთაც შეუძლიათ აბსოლუტურად კონკურენტუნარიანი, ყველაზე თანამედროვე სისტემების შექმნა. მე მინდა, მოგილოცოთ ეს განსაკუთრებული წარმატებაც“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა და KTW-ს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ამასთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში აეროპორტის მშენებლობასა და რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრა.
სასტუმრო კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მდებარეობს.
Akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, DCFTA-სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა.
სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. ამასთან, „ახაშენი ღვინის კურორტი“ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ღვინის უძველეს, 8 000–წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას.
პროექტი KTW-ჯგუფს („კახური ტრადიციული მეღვინეობა“) ეკუთვნის და მისი საინვესტიციო ღირებულება 7,5 მლნ ლარია.