პრემიერ-მინისტრმა იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა
პრემიერ-მინისტრმა იმერეთის მუნიციპალიტეტების მერებს მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა.

შეხვედრას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდა. მთავრობის მეთაურმა მერებთან შეხვედრაზე იმერეთის მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი ეფექტიანი გადაჭრის გზები მიმოიხილა.

პრემიერ-მინისტრმა იმერეთის რეგიონის მერებს ცენტრალური მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა დაუდასტურა და აღნიშნა, რომ პროექტები და ინიციატივები, რომლებზეც საუბარი იყო წინასაარჩევნო კამპანიისას და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოკლე ვადაში უნდა განხორციელდეს.

მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო რწმუნებულს მერებთან აქტიური კოორდინაცია დაავალა და მერებს მოუწოდა, მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ მოსახლეობასთან, რათა მაქსიმალურად იყონ ინფორმირებული მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ.