პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებთა სია კიდევ ერთხელ გადაიხედოს
ფინანსთა სამინისტროს უნდა განვუსაზღვროთ დავალებად, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენი მოქალაქეების სიას, რომლებსაც ჩვენ სოციალური მიზნობრივი დახმარება გავუწიეთ და კიდევ ერთხელ ვნახოთ, მიზნობრიობის თვალსაზრისით რისი გაკეთება შეუძლია სახელმწიფოს იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს სოციალურად კიდევ ერთხელ დავეხმაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაში არსებული შედარებით პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, პანდემიით გამოწვეული შოკი ეკონომიკაზე სულ მცირე, წლის ბოლომდე გასტანს.
„მიუხედავად იმ შედარებით პოზიტიური ტენდენციისა, რომელსაც დღეს ქართული ეკონომიკა აჩვენებს, რა თქმა უნდა, პანდემიის შოკის ზემოქმედება ჩვენს ეკონომიკაზე, მინიმუმ წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამიტომ, ჩვენ შეძლებისდაგვარად კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმოთ ყველა სოციალური ჯგუფი და სადაც განსაკუთრებული აუცილებლობა არსებობს, მოვიზიდოთ რესურსები იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივეხმაროთ. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სოციალური დახმარების პაკეტები, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა, დღეის მდგომარეობით უკვე 721 ათასმა მოქალაქემ მიიღო“, – აღნიშნა პრემიერმა.