საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ესპანეთის მეფესა და დედოფალთან ერთად, მადრიდში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა [ფოტო]
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ესპანეთის სამეფოში დაიწყო. მთავრობის მეთაურმა, ესპანეთის მეფე ფელიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციასთან ერთად, საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გახსნა და დაათვალიერა, რომელსაც საგამოფენო ცენტრი IFEMA მასპინძლობს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.
ირაკლი ღარიბაშვილი, ფელიპე VI და დედოფალი ლეტიცია ესპანეთში ქართული დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული ცეკვის აკადემია Georgia-ის მიერ გამართულ წარმოდგენას დაესწრნენ.
საერთაშორისო ტურისტული გამოფენის FITUR 2021-ის გახსნის ცერემონიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს FITUR-ის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა და საგამოფენო ცენტრის აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა.
ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ესპანეთის მეფესთან ერთად დაესწრო. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. საქართველო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საპრეზენტაციო სტენდით არის წარდგენილი. საქართველოს სპეციალური სივრცე საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებს, მედიის წარმომადგენლებს, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ. საერთაშორისო გამოფენაში წელს 100-მდე ქვეყანა მონაწილეობს.