საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებთან ერთად, ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების კონკრეტული გეგმა წარადგინა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველას კარგად გვესმის, რომ კორონავირუსი არის გლობალური გამოწვევა, რომელსაც ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით და ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვუპასუხოთ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, არც ერთ შემთხვევაში არ არის პანიკის დრო, ახლა კონკრეტული და ძალზედ ეფექტური ქმედებების დროა.
„ჩვენთვის, საქართველოს მთავრობისთვის, პირველივე დღიდან უაღრესად მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და შესაბამისად, ნაბიჯები გადადგმული იყო პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. მეორე ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ეკონომიკა და ის მასტიმულირებელი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ, რათა ნაკლებად აისახოს ეკონომიკაზე ის ზეგავლენა, რომელიც აუცილებლად იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობამ პირველივე დღიდან შექმნა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მოქმედებს ყოველდღიურ რეჟიმში და დგამს იმ ნაბიჯებს, რაც აუცილებელია მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად.
„საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველასთვის კარგად ცნობილია: გამკაცრდა კონტროლი სახელმწიფო საზღვარზე, ასევე – თვითიზოლაციის რეჟიმში მყოფ ჩვენს მოქალაქეებზე; ამასთანავე, დროებით შეჩერდა სწავლა საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში, გაიცა რეკომენდაცია შესაძლო ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების თაობაზე, ისევე, როგორც გადავადდა საყოველთაო საგაზაფხულო გაწვევა; პრობაციონერების დროებით მოეხსნათ პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება; ასევე პენიტენციურ სისტემაში ორი კვირით შემოღებულ იქნა სპეციალური ღონისძიებები. ეს ყველაფერი გაკეთებულია, რათა შევაჩეროთ იმპორტირებული ვირუსის გავრცელება ქვეყანაში და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ღონისძიებების ეფექტურობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი გახარიას თქმით, ვირუსის ზემოქმედება ეკონომიკაზე გლობალურად იქნება საკმაოდ დიდი და მთავრობა სრულად უნდა იყოს მზად, რომ ეკონომიკას და ბიზნესს მიეხმაროს, რათა შერბილდეს დარტყმა ეკონომიკაზე, ნეგატიური ზეგავლენები იყოს პროგნოზირებადი და მათზე რეაქცია იყოს დაგეგმილი.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, პირველი დარტყმა მიადგება ტურიზმს – კომერციული სექტორის იმ სფეროს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში იყო ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ძირითადი „დრაივერი“.
„ამიტომ, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, მაქსიმალურად მივეხმაროთ სექტორს, რომ მათ დარჩეთ ფინანსური რესურსი, რათა შეძლონ როგორც მიღწევების – სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ასევე მოემსახურონ იმ ფინანსურ ვალდებულებებს, რომელიც მათ გააჩნიათ. მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მსგავს კომპანიებს რაც შეიძლება მეტი ფინანსური რესურსი დაუტოვოს“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიამ საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ყველა კომპანიისთვის, ობიექტური საჭიროების შემთხვევაში, საბანკო სექტორი გარანტირებულად უზრუნველყოფს სესხების რესტრუქტურიზაციას უახლოესი 3-4 თვის განმავლობაში.
„მხოლოდ ამ საშუალებით, ტურიზმის სექტორში ჩვენ დავტოვებთ დაახლოებით 100 მილიონი ლარის ფინანსურ რესურსს. გარდა ამისა, გუშინ საბანკო სექტორთან, ყველაზე მსხვილ ბანკებთან შეხვედრისას, ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ფიზიკური პირები, აუცილებლობის შემთხვევაში, 3 თვის განმავლობაში გათავისუფლდებიან სასესხო მომსახურების ვალდებულებისგან. ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიება, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
რაც შეეხება, მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ტურიზმთან დაკავშირებული დარგების ბიზნესსუბიექტებს მომდევნო 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადები 1-ელ ნოემბრამდე გადაუვადდებათ. გიორგი გახარიას განმარტებით, საუბარია სასტუმროების და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, ასევე საექსკურსიო საქმიანობით დაკავებული კომპანიების შესახებ.
„ამ კომპანიებს ჩვენ გადავუვადებთ მომდევნო 4 თვის ქონების და საშემოსავლო გადასახადებს – 1-ელ ნოემბრამდე. აღნიშნული შეღავათი შეეხება 18 000 კომპანიას, რომელიც დღეს ოპერირებს საქართველოში და 50 000-ზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს, ოთხი თვის განმავლობაში – მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი – ამ სექტორში დამატებით დატოვებს 100 მლნ ლარზე მეტ ფინანსურ რესურსს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად, ეს თანხა გაორმაგდება და ეკონომიკას, კომპანიებს დამატებით 600 მილიონი ლარი დაუბრუნდებათ. პრემიერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკას დღგ-ს საშუალებით 1,2 მილიარდი ლარის ოდენობის ფინანსურ რესურსს დაუბრუნებს.
„ამასთან ერთად, ამოქმედდება სასესხო მომსახურების კომპონენტის საპროცენტო განაკვეთის დაფინანსების უკვე ძალზე კარგად აპრობირებული მექანიზმი. აქ გავზარდეთ სასტუმროების ზომა და 4-დან 30 ნომრამდე სასტუმროებისთვის 6 თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთს მოემსახურება სახელმწიფო, სახელმწიფო რესურსიდან. ეს შეეხება დაახლოებით 2 000 სასტუმროს. გარდა ამისა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ გლობალურად ეკონომიკას სჭირდება მხარდაჭერა სხვა ინსტრუმენტებითაც, ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კაპიტალურ ხარჯებში და ინფრასტრუქტურულ პროექტებში წლის ბოლომდე დამატებით ინვესტირებული იქნება 300 მილიონი ლარი. ყველაფერი რომ შევაჯამოთ, არის დაახლოებით 1 მილიარდი ლარის ოდენობის რესურსის ეკონომიკაში მიმართვა ან დატოვება კომპანიებისთვის, რამაც ამ ეტაპზე მხარი უნდა დაუჭიროს ჩვენს კერძო სექტორს, თუმცა იმ შემთხვევაში, თ ეს საკმარისი არ იქნება და ვნახავთ, რომ გლობალური გამოწვევები და ნეგატიური ზეგავლენა ეკონომიკაზე კიდევ უფრო მძიმე იქნება, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
გიორგი გახარიას თქმით, ყველა ის ზომა, რომელსაც მთავრობა იღებს, განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში მოქმედი კომპანიებისთვის, მათ შორის საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადების ნაწილში, ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს იმას, რომ კომპანიებმა შესაბამისი მხარდაჭერა უნდა გაუწიონ თავიანთ დასაქმებულებს და მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები.
„ეს არის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა საბანკო სექტორს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ გავაგრძელებთ ეროვნულ ბანკთან ერთად საბანკო რეგულაციების თაობაზე საუბარს, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეკონომიკის კიდევ უფრო მეტი მასტიმულირებელი ინსტრუმენტები გამოვიყენოთ. აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რამეთუ კარგად გვესმის, რომ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ გამოხატული მხარდაჭერის მზაობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში ასეთ შედეგს მივაღწევთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა „ქართუს“ ინიციატივა და ფონდს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ უნდა ვიყოთ ყველანი ერთად და ფონდი „ქართუს“ მიერ გამოხატული ინიციატივა არის საუკეთესო დადასტურება და მაგალითი იმისა, რომ მსგავსი გამოწვევების პირობებში როგორ შევინარჩუნოთ ერთიანობა და როგორ უნდა ვეცადოთ, ერთობლივად ვუპასუხოთ მსგავს გლობალურ გამოწვევებს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„მინდა, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, რომ უბრალოდ, ხშირად დავიბანოთ ხელი, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, არ ვიმოგზაუროთ საზღვარგარეთ, არ დავექვემდებაროთ ზოგიერთი უპასუხისმგებლო ადამიანის პანიკურ განწყობებს და რისკის ზონაში მოხვედრის შემთხვევაში დავიცვათ თვითიზოლაციის წესები. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს მოხუცებს, ჩვენს ბავშვებს, ერთმანეთს და საბოლოო ჯამში, ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.