პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად დიპლომატიურ კორპუსს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მიმოიხილეს კოვიდ პანდემიის მხრივ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ვითარება, მათ შორის საუბარი შეეხო პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის, ასევე ტურიზმის, საერთაშორისო მიმოსვლის განახლების საკითხებს და ამ მხრივ როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო სახელმწიფოების გამოცდილებას.
მთავრობის წევრებმა დიპლომატებს მიაწოდეს ინფორმაცია ტურისტული სეზონისთვის მზადების და ამ მხრივ არსებული სურათის შესახებ. განიხილეს ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი და ვაქცინების მომარაგების მხრივ გლობალურად არსებული ვითარება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა პანდემიის დროს საქართველოს მხარდაჭერისთვის.
ელჩებთან გასვლით შეხვედრაზე მიმოიხილეს განხორციელებული და დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტები და კიდევ ერთხელ აღინიშნა ის მაღალი დონის მხარდაჭერა, რაც საქართცელოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისგან აქვს. ხაზი გაესვა დიპლომატიური კორპუსის აქტიურ ჩართულობას საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.
დიპლომატიურმა კორპუსმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მსგავსი ფორმატით შეხვედრისთვის. გასვლითი შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, რომელთა ნაწილს საქართველოში სამსახურეობრივი მისია ახალი დაწყებული აქვთ, ქართული ღვინის და სამზარეულოს შესახებ შემეცნებითი ტური გაიმართა.