პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.
ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ ირაკლი კობახიძემ რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა.
„დღეს არის უბედნიერესი დღე. ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს. პირადად მე, როგორც გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს, 1994 წლიდან. ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს. მინდა, გაგაცნოთ გადაწყვეტილება, რაც ბიჭებს უკვე ვუთხარი. ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ყველანი ღირსეული ადამიანები არიან, ამიტომ შალვა პაპუაშვილთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი ბიჭები, თითოეული მათგანი იქნებიან წარდგენილი ღირსების ორდენზე. მინდა, დიდი სიყვარული გამოვხატო თითოეული მათგანის და თითოეული თქვენგანის მიმართ. უბედნიერესი ვარ დღეს. გილოცავთ!“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს ნაკრებმა დღეს საბერძნეთის ეროვნული გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.