პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობას
დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით მთავრობა აპირებს არა მხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, რომელში კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და თითქმის ამდენივე მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში.
„ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის ოთხ პროცენტს დაუსუბსიდირებს. მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11 პროცენტს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება შვიდი პროცენტი. ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 ათას ლარზე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება. მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი – ე.წ გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით“, – განმარტა ბექა ლილუაშვილმა.