პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს შეზღუდვების მოხსნის მიმდინარეობა და ამ პროცესის შესაძლო გავლენა ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.
„აღინიშნა, რომ მარნეულში დღეიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა, თუმცა ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები, ისევე როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით, გაიხსნა სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნა დაწესებული შეზღუდვა – სამი ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, სამი ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა საბჭოს წარუდგინეს ინფორმაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და მკაცრი კარანტინის რეჟიმით დაკეტილ სოფლებში მიმდინარე ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ სამედიცინო პერსონალი, ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს, მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური ტესტირება და თერმოსკრინინგი. საკარანტინო შეზღუდვების აღსრულების პროცესს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე აკონტროლებენ.
რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 701 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 432 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი.
ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 787 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 337 პირი.
სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქება კიდევ უფრო ზრდის მოქალაქეების პასუხისმგებლობას, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა არ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება და არ დადგეს უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობა“, – ნათქავამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.