პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია Globsec-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია Globsec-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ბრატისლავაში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.
პრემიერის სიტყვით გამოსვლა დაგეგმილია ფორუმის იმ ნაწილზე, სადაც საუბარია ევროპის სამეზობლო პოლიტიკაზე.
სლოვაკეთში საქართველოს ელჩის, რევაზ ბეშიძის განცხადებით, წლევანდელ GLOBSEC-ს საქართველოდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ესწრება.
„Globsec“ უსაფრთხოების საკითხებზე ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ფორუმია ევროპაში. წელს „გლობსეკის“ ფოკუსი იქნება უკრაინაში რუსეთის აგრესიის საკითხებზე შესაბამისად ევროპაში უსაფრთხოების გამოწვევებზე, წლევანდელ „გლობსეკს“ საქართველოდან ესწრება საკმაოდ წარმომადგენლობითი შემადგენლობა, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც არის მთავარი მომხსენებელი ევროკავშირის სამეზობლო პანელზე. მასთან ერთად მომხსენებელი არის მოლდოვის პრეზიდენტი. ასევე, პრემიერ-მინისტრს ექნება ორმხრივი შეხვედრები თავის კოლეგებთან, ასევე ევროკავშირის მაღალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან. „გლობსეკის“ ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას ინობატის კომპანიასთან, ხელს მოაწერს ჩვენი მხრიდან ბატონი ლევან დავითაშვილი. ტრადიციულად „გლობსეკი“ ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა, სადაც საქართველოს კიდევ ერთხელ შეუძლია თავისი პრიორიტეტების წარმოჩენა, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე ჩვენი საკითხების ლობირება, ამის შესაძლებლობას იძლევა „გლობსეკი“. პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის სამეზობლო პანელზე, რომელიც მიძღვნილია იმ განვითარებებზე, რომელიც მიძღვნილია იმ განვითარებებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკავშირის სამეზობლოში, პირველ რიგში საუბარია საქართველოზე მოლდოვაზე და უკრაინაზე. ძირითადად საუბარი შეეხება ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნების პერსპექტივებზე“, – განაცხადა სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა, რევაზ ბეშიძემ.
ამასთან, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი აცხადებს, რომ დღეს ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდება სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის.
„თავდაცვის სამინისტრო წარმოდგენილია გლობალური უსაფრთხოების კონფერენციაზე ბრატისლავაში და ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული პერსპექტივები, მოლოდინები აღნიშნული კონფერენციიდან, ვინაიდან უკრაინაში ომმა შეცვალა უსაფრთხოების გარემო. შეხვედრები ჩანიშნული გვაქვს, როგორც სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრატეგიულ დონეებთან, ასევე მონაწილეობას მივიღებთ პანელებში, სადაც განვიხილავთ პერსპექტივებს და დავსახავთ სამომავლო გეგმებს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების კუთხით. ჩვენი შეხვედრები დაგეგმილია სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროში ჩემს კოლეგებთან, ისევე როგორც ერთობლივი თანამონაწილეობა გვაქვს ნატო-სა და ევროკავშირის ელჩებთან. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ისევე როგორც საქართველოს მთავრობა არის განუყოფელი ნაწილი მსოფლიო უსაფრთხოების. ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაცია, შესაბამისად, ძირითადი გზავნილი არის, რომ საქართველო ეკუთვნოდა და ეკუთვნის ევროპულ ცივილიზებულ დემოკრატიულ ოჯახს და ჩვენი აუცილებელი მოვალეობა, ისევე როგორც ერთობლივი პასუხისმგებლობა არის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ ქვეყნებთან სამომავლოდ მშვიდობის უზრუნველყოფა და თავდაცვის შესაძლებლობების ისე განვითარება, რომ საქართველომ დაიცვას ქვეყანა მომხდური მტრისგან და გააძლიეროს თავდაცვის ძალები, მიაღწიოს თავსებადობას ნატო-ს წევრებთან. დღესვე გაფორმდება ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის, რომელიც დაეყრდნობა გამოწვევებსა და საფრთხეებს, ეს მოიცავს ყველა მიმართულებას, რომელიც სლოვაკეთთან გვექნება ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით“, – განაცხადა ლელა ჩიქოვანმა.